Saturday, April 17, 2010

ახალგორი. აღდგომა 2010

...ისევ მიწევს წამოსვლა აქედან... ჯერ მხოლოდ ერთი პოსტი გადავლახეთ. რუსების პოსტზე ახალგორიდან გამომსვლელი ათამდე მანქანა დგას რიგში, ახალგორში კი 106 მანქანის მძღოლი ცდილობს ამ დროისთვის შემოსვლას. სხვების არ ვიცი, მე კი ლოდინში დრო ნამდვილად არ მეწელება. აქ დგომა, თუნდაც საათობით, დამღლელი არაა: ბედნიერი ვარ, რადგან ვდგევარ იმ მიწაზე, რომელიც ყველასა და ყველაფერზე მეტად მიყვარს და იმ ჰაერს ვისუნთქავ, რომელიც ყველაზე სუფთა და თავისუფალია ამ არათავისუფალ გარემოშიც კი. თითქმის ორი წელია, ახალგორში ეს სიტუაციაა, მაგრამ დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ აქ ჩამოსვლით. უამრავი ადამიანი ვნახე, ძველი ნაცნობები... მათ ნაწილს წეროვანშიც ხშირად ვხედავ, თუმცა იქ ყველას ერად ნახვა შეუძლებელია. ქსანი ისევ ძველებურად ხმაურობს, მე კი ის დრო მახსენდება, პატარაობაში ამ ხმაურს ყურს ბოლის ხიდიდან, ან მდინარის ნაპირებთან ჩამწკრივებული „ბეტონის“ ფილებიდან რომ ვუსმენდი და საოცარი ხედები მეშლებოდა თვალწინ.














ყველაზე მეტად აქ მიყვარდა გაზაფხულის მოსვლა. ნელ-ნელა ეპარებოდა სიმწვანე ტყეებს, ჩემს ეზოში კი თეთრ-ვარდისფრად ყვავილობდნენ ატმები, ტყემლები, ვაშლები, ალუჩები... აქ ყოფნა, თუნდაც მარტოს, არასოდეს მბეზრდებოდა: მოსაუბრედ საკუთარი თავი და ჩემი გარემო მყავდა, რომელსაც არასდროს ბეზრდებოდა ჩემი მოსმენა, როგორც მე არ მბეზრდებოდა ყურისგდება ამ გარემოს თითოეული ამოსუნთქვისთვის. აქ არასოდეს გამწელვია წუთები, აქ დრო ყოველთვის სწრაფად გადიოდა, აქ გატარებული თითოეული წუთი სულიერი სიმშვიდი მომტანი იყო ჩემთვის...

ადრე გაუაზრებლად მიყვარდა ილია...მიყვარდა ტატო, გალაკტიონი, მაგრამ გაცილებით მეტად - ილია. მისი შემოქმედება ყველაზე ახლობელი იყო ჩემთვის.

„მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა!..“

ახალგორიდან ყოველი მომდევნო წამოსვლისას მდევს თან ეს სიტყვები და მთელი ის აღმაფრენა და ის ტკივილი, რომელიც ილიას ამ სიტყვებშია მოქცეული.
ილია ყვარლის მთებს ემშვიდობებოდა ამ სიტყვებით, მე - ახალგორისას. ილია ყვარელის მთებზე გაბნეულ ღრუბლებში ნატრობდა ფრენას, მე ქსნის ზემოთ მოჯარულ ღრუბლებს ვეკედლებოდი, მაგრამ მთავარი ის კი არაა, რომ ყვარელის იყო „ილიას მთები“, ხოლო ჩემი - ახალგორის, მთავარი ასაა, რომ ეს ჩვენი სამშობლოა მთლიანობაში, მთავარი ისაა, რომ ჩვენ საქართველოს მთებს ვემშვიდობებით...

ჩვენი ყველაზე ცუდი თვისება ისაა, რომ საკუთარი პრობლემებისა და უსიამოვნებების მიზეზს სხვაგან ვეძებთ, ვცდილობთ სხვებს გადავაბრალოთ ჩვენი განსაცდელი. ისევ ილიას სიტყვები მახსენდება, მან „ბედნიერ ერში“ ყველაზე უკეთ ასახა ნამდვილი „ქართული ბუნება“. ჩვენმა გაუტანლობამ მიგვიყვანა ამ დონემდე. ემოციებს, სურვილებსა და უაზრო ამბიციებს დამონებულებს არასოდეს გვაღელვებდა სამშობლოს ბედი. მხოლოდ განსაცდელის დროს ვიხსენებდით მას, ისიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და ვაღმერთებდით ჩვენი იდეების ყველაზე ხმამაღლა მქადაგებელ ინდივიდებს. (უახლესი ისტორიის მაგალითზე, ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის ფენომენებს დავასახელებდი.)
არც ერთგულება ვიცით ბოლომდე. ჩვენს მიერ შექმნილ ხატებსა და იდეალებს ჩვენვე ვანადგურებთ, ქარის წისქვილებთან ბრძოლაში კი დანაკარგები იზრდება...


No comments:

Post a Comment