Sunday, April 18, 2010

MGU

კარგი განათლება წარმატებული მომავლის წინაპირობაა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე კი არსებობს ერთგვარი ტენდენცია, რომლის მიხედვითაც კარგი განათლება საზღვარგარეთ მიღებულ განათლებასთან ასოცირდება. ინგლისში, გერმანიაში, აშშ-ში ან საფრანგეთში თუნდაც საშუალო დონის კოლეჯის დამამთავრებელ სერთიფიკატს საქართველოში გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე რომელიმე ეროვნული უნივერსიტეტის დიპლომს.
უნივერსიტეტი, რომელზეც მე მსურს საუბარი, საკმაოდ ბევრ ქართველს აქვს დამთავრებული, იგი პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე პოპულარულ უნივერსიტეტად ითვლებოდა და მის დაარსებაში საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელსაც აქვს მონაწილეობა მიღებული.
ესააა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონის, ივანე შუვალოვისა და მიხეილ ლომონოსოვის ძალისხმევით, რუსეთის იმპერატრიცა ელიზაბეტას ბრძანების საფუძველზე, 1755 წლის 25 იანვარს დაარსდა. უნივერსიტეტში პირველი ლექცია ამავე წლის 26 აპრილს წაიკითხეს, თუმცა სტუდენტის დღედ რუსეთში დღემდე 25 იანვარი აღინიშნება.
ლომონოსოვის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტში თავდაპირველად მხოლოდ ფილოსოფიური, იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტები ფუნქციონირებდა. ყველა სტუდენტი განათლებას ფილოსოფიურ ფაკულტეტზე იღებდა, სადაც ისინი გადიოდნენ ფუნდამენტურ მომზადებას საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, შემდეგ კი სწავლას სურვილისამებრ აგრძელებდნენ ზემოთ დასახელებულ რომელიმე ფაკულტეტზე.
1953 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი განყოფილებები ვორობიოვკაზე (ყოფილი "ლენინსკიე გორი") მდებარეობს. შენობის პროექტი არქიტექტორ ლევ რუდნევს ეკუთვნის.
ომის შემდგომ პერიოდში, სტალინის ბრძანებით, ქალაქში შვიდი უზარმაზარი ნეოკლასიკური ცათამბჯენი აშენდა, რომელთაგან ყველაზე დიდი და მაღალი მგუ- მთავარი შენობა იყო, რომელიც, იმ პერიოდში უმაღლეს ნაგებობად ითვლებოდა მთელს ევროპაში 240 ეტრიანი მთავარი კოშკი, 36 სართულითა და სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის განკუთვნილი ოთხი საცხოვრებელი ფრთით. შენობის კორიდორების სიგრძე 33 კმ-, ხოლო ოთახების საერთო რაოდენობა - 5000-ს შეადგენდა. კოშკს თავზე 12 ტონის სიმძიმის ვარსკვლავი ადგას, რომელიც ზომით საშუალო ზომის ოთახის მოცულობისაა. შენობის ფასადს უზარმაზარი საათები, ბარომეტრები, თერმომეტრები, მონუმენტური ძეგლები ამშვენებენ.
მგუ ევრაზიის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრია და თანამშრომლობს 60-ზე მეტ უცხოურ საგანმანათლებლო ცენტრსა და გაერთიანებასთან, მათ შორის ევროპის, აშშ-ს, ჩინეთის,იაპონიის, აზიის სხვა ქვეყნების, ავსტრალიის, სამხრეთ ამერიკისა და არაბული ქვეყნების უნივერსიტეტებთან. მოსკოვის უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტებს 1946 წლიდან იღებს და აქ განათლება დღემდე უკვე 150 ქვეყნის 11 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. ამ დროისთვის უნივერსიტეტში ყოველწლიურად 2 ათას უცხოელ სტუდენტს აქვს განათლების მიღების შესაძლებლობა, ხოლო 400 ადგილი უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსებზე იმ უცხოელი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც წინა-საუნივერსიტეტო მომზადებას საჭიროებენ.
...და, რატომ მაინცდამაინც რუსეთი, რატომ მგუ და არა რომელიმე სხვა უფრო მაღალრეიტინგული და გაცილებით უფრო პრესტიჟული უნივერსიტეტი? მითუმეტეს, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, რუსულ-ქართული ურთიერთობები ჩიხშია შესული?

-პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგება როგორც ქართული, ისე რუსული მხარის ინტერესებში შედის... დაძაბული სამეზობლო პოლიტიკა, კონფლიქტური
რეგიონები და ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი - ესაა არასრული შედეგი წლების მანძილზე მიმდინარე კონფლიქტისა, რომლის ნეგატიური შედეგებიც დღემდე ჩვენი ქვეყნის მოუგვარებელ პრობლემად რჩება. „მტრის ენის“ ცოდნა ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. რაც მეტს ვისწავლით და გავიგებთ მათზე, მით უფრო გაგვიადვილდება მათთან ურთიერთობები, მით უფრო მარტივი იქნება გამოსავლების ძიება, მით უფრო უკეთ გვეცოდინება სად რა და როგორ უნდა ვაკეთოთ, როგორი მიდგომა ავირჩიოთ. სწორედ ამის შემდეგ მიიღწევა რეალური შედეგები ორიენტირებული მშვიდობასა და ქვეყნის კეთილდღეობაზე, მეგობრობასა და თანასწორობაზე...
როგორც არ უნდა გვინდოდეს, ისინი ჩვენს მეზობლებად დარჩებიან, იქ კი, სადაც თავიდანვე ცხადია, რომ ძალისმიერი გზა პრობლემების მოსაგვარებლად არ გამოდგება, ქმედებები გონების გზით უნდა წარვმართოთ ისე, რომ მინიმალური მსხვერპლის ფასად მაქსიმალური შედეგები მივიღოთ და არა პირიქით - ვიყოთ მუდმივი დაძაბულობის პირობებში და დანაკარგები გავიორმაგოთ.

No comments:

Post a Comment